среда, 31 января 2024 г.

 



ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოცავს: ციტადელს, კოშკებს, ქარვასლას, ეკლესიის ნაშთებს, სენაკებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნაგებობათა ნაშთებსა და მეჩეთს. არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ნაქალაქარის ტერიტორიაზე დასახლება ჯერ კიდევ წინარე ქრისტიანულ ხანაში ყოფილა და ადრეული ციკლოპური კედლების ნაშთები შაუასაუკუნეებში სამოსახლო უბნების გეგმარებაში გამოუყენებიათ. IX საუკუნეში აქ უზღუდო სამოსახლო დაარსებულა, რომელიც შემდგომ პერიოდში გამაგრებულ დიდ ქალაქად ქცეულა. ისტორიულ წყაროებში “ახალქალაქისა ზღუდეთა შენება” პირველად ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ) მოღვაწეობასთან დაკავშირებითაა ნახსენები.
XI საუკუნის 40-იანი წლებიდან XIX საუკუნემდე ახალქალაქის ციხე-სიმაგრე გვევლინება ხან ქართული ფეოდალური ხელისუფლების დამცველად, ხანაც დამპყრობლური ძალების საყრდებად ამ მხარეში. საგულისხმოა, რომ ახალქალაქის ციხე ჯერ კიდევ დასრულებამდე განადგურებულა ზედიზედ ორჯერ, 1065 და 1068 წლებში სელჩუკთა სულთნის ალ-ფარსლანის შემოსევის შედეგად. სელჩუკთა განდევნის შემდეგ, XI საუკუნის ბოლოსა და XII საუკუნის დასაწყისიდან ჯავახეთი ძლიერდება და ახალქალაქიც მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს, როგორც ქართლის რაიონებთან, ისე მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ვითარდება საქალაქო თუ სასოვლო ცხოვრება და იწყება აღმშენებლობა.
ამავე პერიოდს მიეკუთვნება ახალქალაქის ციტადელის ძირითადი ძარღვიც. ეს აღმავლობა XIII საუკუნემდე გაგრძელდა. XIII საუკუნეში ქალაქი მონღოლებმა გადაწვეს. XV საუკუნეში ახალციხეს სამცხის ერისთავი ჯაყელები დაეპატრონნენ. XVI საუკუნის 50-იან წლებში ახალქალაქი შაჰ-თამაზის ურდოებმა აიღეს, XVI საუკუნის ბოლოს კი იგი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო დაჩილდირის საფაშოს შემადგენლობაში სანჯაყის ცენტრად აქცია.
XVIII საუკუნის 70-იან წლებში ერეკლე II-მ რამდენჯერმე სცადა ახალქალაქის გათავისუფლება. 1811 წელს ახალქალაქი რუსეთის იმპერიამ აიღო, მაგრამ 1812 წელს ბუქარესტის ზავის თანახმად კვლავ ოსმალეთს დაუბრუნა. 1828 წლის 22 სექტემბერს, რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა გენერალ ი. პასკევიჩის მეთაურობით ქალაქი აიღეს. ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი მრავალგსის არის სახეცვლილი, შესამჩნევია არაერთი გადაკეთების კვალი, თუმცა დღემდე შემორჩენილია დაარსებისდროინდელი ნაშთები. ახალქალაქი ისეთ ციხე-ქალაქთა ტიპს ეკუთვნის, რომლის ტერიტორიაზეც ერთმანეთს ერწყმის სიმაგრეთა თავდაცვითი სისტემა და ქალაქური ცხოვრება. წყარო: georgiantravelguide.com

ახალქალაქს გაუმარჯოს!
ახალქალაქელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий