✱ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლება
✱ მიწის მოიჯარის უფლება მიწის შესყიდვისას
✱ მიწის თანამესაკუთრის უფლება მიწის შესყიდვისას
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრე სარგებლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით. უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობს აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოიჯარე, თუ იჯარის უფლების რეგისტრაციიდან არანაკლებ 2 წელია გასული. ამ უფლებით არ სარგებლობენ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტები.
უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პირის ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შესთავაზოს იმავე ფასითა და პირობებით, რომლებითაც ის ამ მიწის მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებს.
პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება სურს, ვალდებულია უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეტყობინება გაუგზავნოს დაზღვეული წერილით, ფოსტის მეშვეობით, საქართველოში არსებულ რეგისტრაციის მისამართზე, ხოლო შეტყობინების ჩაბარების სხვა წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ნასყიდობის საგანი, ნასყიდობის ფასი, ანგარიშსწორების ვადა, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ ინფორმაცია და უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს ვადა აითვლება შეტყობინების უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან.
პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება სურს, უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის საქართველოში არსებული რეგისტრაციის მისამართის შესახებ. აღნიშნული სააგენტო ვალდებულია გასცეს ეს ინფორმაცია.
თუ შეტყობინება უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს საქართველოში არსებულ რეგისტრაციის მისამართზე არ ჩაჰბარდა, ამ პირის საქართველოში არსებული რეგისტრაციის მისამართი არ დგინდება ან მისი ზუსტი იდენტიფიცირება საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით ვერ ხერხდება, ვალდებული პირი შეტყობინებას აქვეყნებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ნასყიდობის საგანი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ ინფორმაცია და უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა შეტყობინების გამოქვეყნების მომენტიდან.
ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულება პირს არ ეკისრება, თუ არსებობს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის სათანადოდ დამოწმებული თანხმობა ამ უფლების გამოყენებაზე უარის თქმაზე.
უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობს სამკვიდროს გახსნისა და სამართალმემკვიდრის რეგისტრაციის შემდეგ. პირს სამართალმემკვიდრის რეგისტრაციამდე არ ეკისრება შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
თუ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირი აპირებს ამ უფლების გამოყენებას, იგი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს შეტყობინების თაობაზე დოკუმენტაცია.
ვალდებული პირი უფლებამოსილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი მესამე პირზე გაასხვისოს, თუ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირი ამ უფლების გამოყენებაზე უარს იტყვის ან კანონით დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
თუ ვალდებული პირი შეტყობინებიდან 1 წლის განმავლობაში ვერ გაასხვისებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს, ამ ვადის გასვლის შემდეგ მას კვლავ ეკისრება შეტყობინების ვალდებულება.
თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება ერთდროულად აქვს თანამესაკუთრეს, მოიჯარეს ან/და სახელმწიფოს, პირველ რიგში, ამ უფლებით სარგებლობს თანამესაკუთრე, მის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში − მოიჯარე, ხოლო შემდეგ − სახელმწიფო.
კანონი იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4596113?publication=0
მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით იხილეთ პოსტები:
1. https://sites.google.com/site/biznesgegma/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
2. https://biznes-gegma.medgeo.net/2023/11/27/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
ჰეშტეგები: #ბიზნესგეგმებიმიწისსტატუსისშესაცვლელად #მიწისსტატუსისშეცვლა #მიწისსტატუსი #მიწისთანამესაკუთრისმოიჯარისუპირატესიშესყიდვისუფლება
Комментариев нет:
Отправить комментарий